თამაზ ხუბუა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მეორე ვადით აირჩიეს
პლენარულ სხდომას, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა უძღვებოდა, ესწრებოდა 18 დეპუტატი. სხდომამ განიხილა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხი - “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევნების შესახებ“. თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამაზ ხუბუა.
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა დიდი უმრავლესობით, 17 ხმით, თამაზ ხუბუა მეორე ვადით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს ბატონ
თამაზ ხუბუას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მეორე ვადით არჩევას,
უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.
Comments
Post a Comment