რა დოკუმენტები იპოვეს ამბოხებულებმა ბჟანიას მაგიდაზე – ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,აფხაზებსა და ქართველებს ერთი ინტერესი გვაქვს, აფხაზებისა და აფხაზეთის გადარჩენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი საქართველოთი და არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიითა და კოლონიზაციით”- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, აფხაზები აიძულა, მიეღოთ ისეთი კანონები და ხელი მოეწერათ ისეთ შეთანხმებებზე, რომლებიც ნიშნავს აფხაზეთის მიერ იმ ფორმალური დამოუკიდებლობის დაკარგვასა და რუსეთის სამართლებრივ სივრცეში შესვლას.

,,ხელშეკრულება, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო და ხალხი ქუჩაში გამოიყვანა არის ხელშეკრულება რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. ეს შეთანხმება დაკავშირებული იყო აპარტამენტების შესახებ კანონთან, რომელიც უკვე მიიღო აფხაზურმა მხარემ.

ყველაფერი მოითმინა აფხაზურმა საზოგადოებამ, მაგრამ ეს ბოლო შემოთავაზება, რომელიც ყველანაირ უფლებას ართმევდა აფხაზურ ბიზნესს, ტურისტულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. ეს შეთანხმება, რომელიც აფხაზეთს ართმევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლს მთლიანად, ამან გამოიყვანა ხალხი ქუჩაში და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისივე თქმით, ასლან ბჟანიას მაგიდაზე ამბოხებულებმა, რომლებიც შეიჭრნენ სამთავრობო კაბინეტებში იპოვეს მთელი რიგი დოკუმენტები, ფაქტობრივად დავალება მოსკოვიდან, რომელიც მას უნდა შეესრულებინა.

,,აქ არის ისეთი პუნქტები, რომლებიც უკვე შესრულებულია. ეს არის 2021 წელს მიღებული, სულ 16 პუნქტისგან შედგება. ზოგი შესრულებულია, მაგრამ უმეტესობა შესასრულებელია. პირველი პუნქტი ესაა რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ბინების შეძენის უფლება. აპარტამენტებს უნდა ჩაენაცვლებინა ეს საკითხი, მაგრამ აპარტამენტებს აშენება უნდა და რომ ააშენო ინვესტიციები უნდა ჩაიდოს. აფხაზურმა საზოგადოებამ დაბლოკა სწორედ ეს ინვესტიციების შესახებ შეთანხმება. ამიტომ ისინი ვერ აშენდება, იმიტომ, რომ ინვესტიციების შესახებ შეთანხმებამ ასეთი მღელვარება გამოიწვია და გაწვეულია დეფაქტო პარლამენტიდან.

ბჟანია იქნება თუ არ იქნება ეს მოთხოვნები, რაც აქ არის ჩამოწეილი რჩება ძალაში და არავის ის უკან არ გაუწვევია. შესაბამისად, ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები ვინც არიან ამ შეთანხმებების, ნებისმიერი მათგანი, რომ მოვიდეს დეფაქტო ხელისუფლების სათავეში, მას ეს კვლავ დახვდება მაგიდაზე და მოუწევს ამის შესრულება. არ შეასრულებს და რუსეთს აქვს შესანიშნავი ბერკეტები, ეკონომიკური ხასიათის ძირითადად. მას შეუძლია ერთი თვის განმავლობაში აფხაზეთი დატოვოს ელექტროენერგიის გარეშე, შეუძლია აფხაზები დატოვოს ხელფასების და პენსიების გარეშე, შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები, ამიტომ, ხალხი ისევ გადააგდებს ამ ხელისუფლებას და მოიყვანს მეორეს და ეს არ დასრულდება”, – ამბობს ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც მან აღნიშნა, მეორე დოკუმენტი, რომელიც ბჟანიას მაგიდაზე იპოვეს არის შარშანდელი. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინმა წერს სამსახურებრივ ბარათს ბჟანიას სახელზე და საუბრობს იმაზე, რომ მოსკოვში იმყოფებოდა მისი მოადგილე ტუშბა, შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინს და გალუზინმა მას დავალებები მისცა, თუ რას მოითხოვს რუსული მხარე აფხაზებისაგან.

,,რუსული მხარე აფხაზებისგან მოითხოვს: პირველი, მოხსნას მდინარე ენგურზე არსებული რეჟიმი. მეორე, განთავისუფლდნენ ქართველი პატიმრები, რომლებიც აფხაზეთის ციხეებში იმყოფებიან. მესამე, ინცინდენტების პრევენციის კომისიის ამოქმედება. ასევე, დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვა.

არც ერთი საკითხი, რაც აქ წერია არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დგამს ნაბიჯს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისკენ. მე უფრო ვიხრები იქითკენ, რომ ეს არის გარკვეული ზეწოლის მექანიზმები აფხაზურ მხარეზე, რომ იმ თავარ საკითხში, რასაც აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული შეთანხმებები და კანონპროექტები ჰქვია, ყველაფერ ამას დასთანხმდეს აფხაზური მხარე”, – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

Mcm.ge



Comments

Popular posts from this blog

აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისათვის“, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს, განცხადებას ავრცელებს.

თამაზ ხუბუა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მეორე ვადით აირჩიეს